თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდება
რადიო ``კომერსანტი``, FM 95.5
29 ივნისს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ხარისხის ნიშნით დაჯილდოვების ცერემონია და მედია-ტური გაიმართება.
2010 წლის მაისში საქართველოს ხარისხის ფონდმა თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში ჩაატარა პროექტით “ხარისხის ნიშანი” გათვალისწინებული სამუშაოები, რაც მიზნად ისახავდა ორგანიზაციის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასებას.
სამუშაოების ფარგლებში მოხდა ორგანიზაციის ისტორიის, სტრატეგიის, ლიდერთა მუშაობის სპეციფიკისა და შედეგების, კადრების, თითოეული განყოფილების საქმიანობის, რეკლამისა და მარკეტინგის, უშუალოდ მომსახურების შესწავლა-შეფასება. კომპანიამ შეფასებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა უმაღლეს დონეზე დააკმაყოფილა.
საქართველოს ხარისხის ფონდი არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2003 წლიდან ახორციელებს პროექტს “ხარისხის ნიშანი” და ამ დროის განმავლობაში ხარისხის ნიშნის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა 101 კომპანიას.