“ჯეოსპორტს” ქართული ხარისხის ნიშანი მიენიჭა
ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მიზნით ფონდი "ქართული ხარისხი” ყოველწლიურად იკვლევს კერძო კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციისა და გაწეული მომსახურების დონეს, ასევე კომპანიების მენეჯმენტის ხარისხს, კერძოდ, დანერგილია თუ არა კომპანიებში მენეჯმენტის მართვის თანამედროვე სისტემები.
ამ კრიტერიუმებს ადგილობრივ ბაზარზე, ფონდი "ქართული ხარისხის” გადაწყვეტილებით”, აკმაყოფილებენ კომპანიები: “ექსკლუზივ გრუპი” (PIRVELI), “ლუქსი ინტერიერი” (Villeroy&Boch, Swarowski), “ვიგო” (ბრენდი-ჯეოსპორტი), სილამაზის ცენტრი “ნატალი”. გუშინ “თბილისი მარიოტში”, მარტის თვის ცნობილი დღესასწაულების აღნიშვნის მიზნით, აღნიშნული კომპანიების მენეჯერი და მესაკუთრე ქალბატონები წარმოადგენდნენ. ამჯერად ქალბატონებს რუსუდან მარგველაშვილს, ნათია ფოფხაძეს, ნატა ზვიადაძეს და ნატალია თოლორაიას მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებისა და მაღალი დონის მომსახურების გაწევისათვის ხარისხის ნიშნის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
2005 წელს თბილისში სამკერვალო ფაბრიკა “ჯეოსპორტი” გაიხსნა. საწარმომ თანამედროვე ტექნოლოგიის, პროფესიონალი სპეციალისტებისა და, რაც მთავარია, თანამედროვე სტანდარტის დიზაინის წყალობით კონკურენტუნარიანი ნაწარმი გამოუშვა. ცნობილი კომენტატორი ჯამლეთ ხუხაშვილი ამბობს: “ჯეოსპორტმა” შეძლო, ხუთი წლის განმავლობაში ისეთი დონის პროდუქცია გამოეშვა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნიდან წარგზავნილი ნაკრები სპორტის ნებისმიერ სახეობაში ადგილობრივი ნაწარმით არის ეკიპირებული. მაგალითად, საქართველოს რაგბის ნაკრები “ჯეოსპორტის” სპორტულ ტანსაცმელს ატარებს.”
24 საათი